Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  სასწავლო პროცესის, პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის, გამოცდებისა და სამაგისტრო დაცვების ჩატარების წესის განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

ონლიან რეჟიმში სწავლების პროცესში მოქმედებს შემდეგი წესები

1. სტუდენტები ვალდებულები არიან:

  • დარეგისტირებული იყვნენ zoom-ისა და ილერნინგის (moodle) პლატფორმაზე თსუ-ს მეილით.
  • zoom-ის აპლიკაციით სარგებლობისას გამოიყენონ საკუთარი სახელი და გვარი ისე, რომ ლექტორს შეეძლოს მათი იდენტიფიკაცია.
  • ზუმში ლექციაზე დასწრებისას და ასევე, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ჩართული ჰქონდეთ მიკროფონი და კამერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ ჩაუთვალოს შესაბამისი აქტივობა (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდგენდეს ის შემთხვევები, როდესაც ლექტორის თხოვნით სასურველია მიკროფონების გამორთვა).

2. პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულები არიან:

  • დაგეგმონ ონლიან ლექცია-სემინარები ზუმში და ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სტუდენტებს moodl-ზე გახსნილ სალექციო კურსის ფორუმზე.
  • moodl-ის პლატფორმაზე ატვირთონ: სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო მასალა (რიდერი, სახელმძღვანელო) და/ან სილაბუსით გათვალისწინებული დავალებებისა და აქტივობების შესრულებისათვის საჭირო მასალა.
  • სტუდენტებს გააცნონ შეფასების სისტემა, დროულად მიაწოდონ შესასრულებელი დავალებების/აქტივობების ვადები და გასწორებული დავალებები / ნამუშევრები.
  • ლექციის ზუმის საინდენფიკაციო ბმული, ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

3. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვალდებულები არიან:

  • დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, ასევე, კიბერუსაფრთხოების წესები. ლექცია/სემინარების ვიდეოჩანაწერები, ლინკები, ID და პაროლები არ უნდა გაზიარდეს სოციალური მედიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, არ უნდა გადაეცეს მესამე პირს. პირადი მონაცემების გადასაცემად გამოიყენება მხოლოდ LMS და moodl-ის პლატფორმა, თსუ ელფოსტა.
  • კომუნიკაციისთვის ისარგებლონ მხოლოდ თსუ-ს და არა - პირადი ელ-ფოსტით.

4. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დადგენილი და შეთანხმებული ცხრილების მიხედვით, რომელიც ატვირთულია ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.

5. ონლიან სწავლების პროცესის მიმდინარეობა Zoom-ის აპლიკაციაში და Moodl-ის პლატფორმაზე სტუდენტებისთვის მასალის მიწოდების და/ან დავალებების შესრულება-გასწორების პროცესი ექვემდებარება მონიტორინგს.

6. პედაგოგიური პრაქტიკა

ა) პედაგოგიური პრაქტიკა (განათლების დეპარტამენტი) - სტუდენტების ნაწილი პრაქტიკას გადის ონლაინ გაკვეთილებში ჩართვით, ნაწილი - სკოლებში (სურვილის მიხედვით).

ბ) პრაქტიკა განათლების პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში (მაგისტრატურის საფეხური) - ტარდება ონლაინ რეჟიმში.

7. ოკუპაციური თერაპიის პრაქტიკული კურსები

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება პრაქტიკის განხორციელების ადგილზე მოქმედი წესების შესაბამისად.

8. შუალედური გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების ფორმატი და წესები:

  • 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გამოცდები ფაკულტეტზე ტარდება დისტანციურად, თსუ-ის გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის და თსუ-ის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის საფუძველზე (თსუ რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).
  • სწავლების სამივე საფეხურზე გამოცდები ხორციელდება მხოლოდ, e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში, პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც.
  • ფაკულტეტის ყველა პროგრამის გამოცდების ცხრილს გეგმავს საგნის პედაგოგი ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
  • გამოცდები ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
  • გამოცდების დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge გამოცდამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე.
  • გამოცდის მსვლელობის დროს სტუდენთან ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირების შემთხვევაში (დენის, ინტერნეტის გათიშვა), სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით გამოგზავნოს განცხადება ფაკულტეტზე.
  • შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და  თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).
  • გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოცდის აღდგენა დასაშვებია სტუდენტის განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
  • სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.
  • ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის. საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.
  • სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.
  • ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.
  • წერითი და ზეპირი გამოცდის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის თანხმობის შემთხვევაში.

9. დასკვნითი და დამატებითი გამოცდები:

  • დასკვნითი გამოცდების დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების იგივე ფორმატი და წესები, რაც შუალედური გამოცდების შემთხვევაში.
  • საბაკალავრო პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი. ხოლო დანარჩენი პროგრამების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.

10. ეპიდსიტუაციის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაცვა განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, მოქმედებს შემდეგი წესები:

  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.
  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.
  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.
  • სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
  • სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.

11. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 

დეკანი, თამარ გაგოშიძე